Monday, June 29, 2009

ტრენინგის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატიცით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

კურსის მნიშვნელობა:საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.


კურსის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტებუის შესაბამისად.
მეთოდები:
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.

სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.

კურსის ხანგრძლივობა:  კურსის სრული ხანგრძლივობაა 32 საათი - 8 ოთხ საათიანი ტრენინგი.

წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; · ინტერნეტში ძიება; · ელ-ფოსტის მოხმარება.

კურსის შედეგები:
კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:
1)გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
2)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
-სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
-მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
-მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
3)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
4)შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
5)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
1) ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: · გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.);
2) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა).

სერთიფიცირების პირობები:
მინიმუმ  28 საათზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული ელ. პორტფოლიო.